გახარია საქართველოსთვის

გახარიას პარტია პროკურატურას მოუწოდებს, გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის პროკურატურას მოუწოდებს, რომ ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

პარტიის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სავარაუდოა, რომ 2006 წელს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. ბუნტის ჩასახშობად მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ მიქანაძესთან თანხმდებოდა. იმ დროს, გივი მიქანაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

"2006 წლის 27 მარტს, საქართველოს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. ციხის ბუნტის დროს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული ქაოტური გასროლის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. სპეცრამზელების მიერ პატიმრების მიმართ სიცოცხლის ხელმყოფი და არაადამიანური მოპყრობის ქცევები ბუნტის ჩახშობის შემდეგაც გაგრძელდა. ბაჩო ახალაია, რომელიც ე.წ ამბოხის სისხლიან ჩახშობას მთაურობდა, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის, ასევე საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით.

ამ უმძიმესი მოვლენების დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, გივი მიქანაძე იკავებდა, რომლის უშუალო საკურატორო სფეროს სწორედ სასჯელაღსრულების სისტემა წარმოადგენდა. შესაბამისად, ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს გივი მიქანაძე ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა. ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდეც იყო საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის, აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. შესაბამისად, პროკურატურას მოვუწოდებთ, დაიწყოს გამოძიება ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით". - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გოგიჩაიშვილის თქმით, მათი პარტია გააგრძელებს ინფორმაციის მიწოდებას ქართული ოცნების იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე, გოგიჩაიშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას ემსახურებოდნენ".

კომენტარები