დღეს, 4 ნოემბერს, 17:00 საათზე, ოპოზიციის ნაწილი: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო სადგურის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობას გამართავს - საპროტესტო აქცია კი საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზე დაიწყება.
"17:00 საათზე პოლიტიკური ლიდერები სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე გავემართებით [...] და პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც ღირსება და სიმართლეა დასაცავი. ყველაფერთან ერთად, სიმრავლით ვიქნებით". - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
მსვლელობასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემაც.
"დღეს, 17:00 საათზე, სადგურის მოედანზე შევიკრიბებით და აქედან მსვლელობით დავიძრებით. 19:00 საათზე კი მოქალაქეებს პარლამენტთან დაველოდებით". - თქვა კუპრაძემ.
მსვლელობას შეუერთდება ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობაც. ამის შესახებ სოფო ჯაფარიუძემ ისაუბრა.
"დღეს, 5 საათზე პროდასავლური კოალიციები სადგურის მოედნიდან დავიძრებით და 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას შევუერთდებით. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება". - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
დღეს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. შეკრება სამმა ოპოზიციურმა ძალამ: კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო და ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ დააანონსა, სადაც საზოგადოებას ოპოზიციის ერთიან სამოქმედო გეგმას გააცნობენ. აქციას კიდევ ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, გახარია-საქართველოსთვის უერთდება.





