არჩევნები 2024

კალანდარიშვილი: გამოჟონილი მარკერის კვალი არ ნიშნავს, რომ არჩევანი იდენტიფიცირებადია

გიორგი კალანდარიშვილი
კადრი ვიდეოდან/TV Imedi

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის მტკიცებით, ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერის კვალი არ ნიშნავს იმას, რომ არჩევანი იდენტიფიცირებადია და ვინმეს შესაძლებლობა აქვს, იმოქმედოს ამომრჩევლის ნებაზე. 

"წარმოიდგინეთ, ჰიპოთეტურად, რომ ვინმეს ჰქონდა შესაძლებლობა [დაენახა], თუნდაც უკანა გვერდზე გამოჟონილი მარკერის კვალის, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ იდენტიფიცირებადი არის არჩევანი, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს კონტროლის ან ზემოქმედების შესაძლებლობა ჰქონდა ამომრჩევლებზე" - თქვა კალანდარიშვილმა სამთავრობო TV იმედის ეთერში. 

ამასთან, კალანდარიშვილის ამბობს, რომ ნაცვლად სწავლების ეტაპზე გამოყენებული ბიულეტენის ქაღალდის გრამაჟობისა, 26 ოქტომბერს ცესკომ უზრუნველყო "დასაშვები მაქსიმალური გრამაჟის" ფურცლის გამოყენება. 

"განვლილი არჩევნების გამოცდილებით და მათ შორის, ვენდორი კომპანიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ნაცვლად სწავლების ეტაპზე გამოყენებული გრამაჟობისა, ჩვენ ვუზრუნველვყავით დასაშვები მაქსიმალური გრამაჟის ქაღალდის არსებობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააზღვევდა ასეთ რისკებს, თუმაც, გარდა ქაღალდის სისქისა, მთავარი რისკის დამზღვევი არის ჩარჩო-ფორმა.  [...] არცერთ ჩართულ მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის, ნების, არჩევანის ფარულობის დარღვევას" - თქვა კალანდარიშვილმა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17 სექტემბერს წერილით მიმართეს, სადაც, მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე წერდნენ და მიუთითებდნენ, რომ უნდა მიღებულიყო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

როგორც საია-ს მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, ცესკომ ორგანიზაციას 28 სექტემბერს უპასუხა. დოკუმენტში წერია, რომ "[სასწავლო-საინფორმაციო] შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას."

ბიულეტენებში მარკირების კვალის ხილვადობაზე აქტიურად ლაპარაკობენ მოქალაქეები, დაკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სოციალურ ქსელებში ვრცელდება აღნიშნული პრობლემის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის [2263 უბანი] შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

 

კომენტარები