რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მედია: ომის დაწყებიდან ლავროვი EU-ს წევრ ქვეყანაში ვიზიტს პირველად აპირებს

სერგეი ლავროვი

რუსული გამოცემის, Ведомости-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მალტაში ვიზიტს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად აპირებს.

Ведомости წერს, რომ ლავროვს მალტაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მინისტერიალზე დასწრება სურს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამოცემასთან საუბრისას ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ "ქვეყანამ, რომელიც ამ ღონისძიებას ატარებს, ყველა წევრი ქვეყნის მუშაობის შესაძლებლობა უნდა უზრუნველყოს".

Ведомости-ის ინფორმაციით, მალტის საელჩოში უთხრეს, რომ 5-6 დეკემბერს დაგეგმილი ეუთოს კრება "ეხება ყველა წევრს, მათ შორის რუსეთის ფედერაციას".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram-არხის მიხედვით, ლავროვი ევროკავშირის ქვეყანას, შვედეთს ბოლოს ომის დაწყებამდე, 2021 წელს, ასევე ეუთოს მინისტერიალზე, სტოკჰოლმში ეწვია.

ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ბოლოს NATO-ს წევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში 2023 წელს ეწვია.

2022 წელს ეუთოს მინისტერიალს პოლონეთი მასპინძლობდა, მაშინ ვარშავამ სერგეი ლავროვის ქვეყანაში შეშვებაზე უარი თქვა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ლავროვისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს, რაც EU-ში მათი აქტივების გაყინვას გულისხმობს.

კომენტარები