უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. უკრაინა იზიარებს ეუთო/ოდირის დასკვნებს, სადაც არჩევნების დროს გამოვლენინ დარღვევებზეა საუბარი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისთვის საჭიროა ყველა დარღვევაზე გამოძიების ჩატარება.
"უკრაინა ახლოდან აკვირდებოდა საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის დასკვნებს, რომელშიც არაერთი დარღვევაა აღნიშნული.
მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ზეწოლა ამომრჩეველზე, ხმისმიცემის გამჭვირვალობის ნაკლებობა, ოპოზიციური პარტიების მასობრივ მედიაზე წვდომის შეზღუდვა - ეს არის არასრული სია იმ დარღვევების, რითიც ეს არჩევნები დაგვამახსოვრდება.
გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და NATO-სკენ.
საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული, რათა მოხდეს არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველყოფა და პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაყვეს ბელარუსის გზას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის სურვილს, განაგრძონ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიული კურსი" – წერია განცხადებაში.





