არჩევნები 2024

ცესკო: 2020-ში 2 054 საჩივარი წარმოადგინეს, წელს - 1 170, დადებითი ტენდენციაა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების წარდგენის ვადა ამოიწურა. ცესკოს ინფორმაციით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი საჩივრები თითქმის ორჯერ ნაკლებია 2020 წლის მონაცემზე.

"2020 წელს წარმოდგენილი იქნა სულ 2 054 საჩივარი, 2021 წელს - 1 840 საჩივარი, ხოლო 2024 წელს - 1 1 170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლების და იმ დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს" - აცხადებენ ცესკოში და აღნიშნავენ, რომ დაიკლო როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისე საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი საჩივრების რაოდენობამ.

"სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს წარადგინეს 629 საჩივარი, 2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე არჩევნებზე - 570.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი საჩივრების რაოდენობას, 2020 წელს 1425 საჩივარი წარადგინეს, 2021 წელს - 1235, ხოლო მიმდინარე წელს - 600 საჩივარი" - ამბობენ ცესკოში.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 26, 27 და 28 ოქტომბერს სულ მიიღეს 652 საჩივარი და აქედან "მხოლოდ 7  ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის  მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე". ცესკოს შეფასებით, ეს" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს, აღნიშნული საკითხი როგორც პრობლემა, არ იყო ინდენტიფიცირებული და სამი დღის განმავლობაში ამგვარ შინაარსს შეეხებოდა 652-დან მხოლოდ მხოლოდ 7 საჩივარი".

ცესკო ასევე აღნიშნავს, რომ 3 111 შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი ფიქსირდება მხოლოდ 9 შემთხვევაში.

"სამწუხაროდ, ნარჩუნდება ტენდენცია, რომ წარმოდგენილია საჩივრები, რომლებიც ე.წ შაბლონურ საჩივრებს განეკუთვნება. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, მხოლოდ მათი ნუმერაცია, ხოლო მთლიანობაში საჩივარი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს იმას, რომ საჩივრები წარმოდგენილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ საჩივრების რაოდენობა გაზრდილიყო და არა იმისთვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული პრობლემა ასახულიყო" - აცხადებენ ცესკოში და აღნიშნავენ, რომ საჩივრები მათ ვებგვერდზე, საჯარო საჩივრების რეესტრში გამოქვეყნდება.

საჩივრების განხილვა არაუგვიანეს 3 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები