არჩევნები 2024

ნორდიკული ქვეყნები: საარჩევნო დარღვევების მიუკერძოებელ გამოძიებაზე მოწოდებებს ვუერთდებით

სკანდინავიის ქვეყნები 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ისინი უერთდებიან მოწოდებას, რომ მომხდარ საარჩევნო დარღვევებზე მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს:

ჩვენ, ნორდიკული ქვეყნები, ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, სიღრმისეულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და მანამდე დარღვევების ცნობები. არსებითი მნიშვნელობისაა, რომ გაქარწყლდეს ეჭვები, რომელიც საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდა.

ნორდიკული ქვეყნები მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რაც საერთო ძირითად ღირებულებებზეა დამყარებული.

ბოლო წლებში ჩვენი მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებოდით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკა და შემოღებული კანონმდებლობა უფრო და უფრო უხვევს იმ გზიდან, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანთან არის შესაბამისობაში. კანონის უზენაესობის პრინციპისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროკავშირის გზაზე საქართველოს ნებისმიერი პროგრესისთვის.

როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვიხილოთ საქართველოს იმ გზაზე დაბრუნებული, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში კუთვნილ ადგილზე მიიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენების ახლოდან დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების მიხედვით განვსჯით.

წერია ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები