უნგრეთი-რუსეთი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო 31 ოქტომბერს ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება

სიიარტოსთან ერთად, კონფერენციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბასამ საბაჰი დაესწრებიან. 

როგორც ამას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) გენერალური მდივანი აცხადებს, ბელარუსის კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეტოქედ უნდა იყოს აღქმული. 

"უნგრეთის პრემიერმინისტრის სიახლოვე რუსეთთან და ბელარუსთან ნაკლებად გასაკვირია, ვინაიდან სიიარტო რეგულარულად სტუმრობს სანქტ პეტერბურგსა და მინსკს, თუმცა მისი შესაძლო კავშირი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის რეჟიმთან, [რუსეთთან და ბელარუსთან] ურთიერთობების გაძლიერების მანიშნებელია". - წერს გამოცემა Politico. 

ბოლოს, როდესაც სიიარტო რუსეთში იყო (მიმდინარე წლის ოქტომბერში) მან სანქტ პეტერბურგში, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა, რომ "უნგრეთისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირის მიწოდება" რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, "ეს ფაქტი მოგვწონს, თუ არა". 

2023 წლის მაისში სიიარტო ეწვია მინსკსაც, რათა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედროდა. იგი პირველი მაღალჩინოსანია ევროკავშირიდან, რომელიც ლუკაშენკოს მიერ 2020-ში არჩევნების გაყალბებისა და ოპოზიციის დარბევის შემდეგ, ბელარუსში ჩავიდა. 

"კონფერენცია გამოყენებული იქნება, როგორც შესაძლებლობა, რომ მომავალი ევრაზიული უსაფრთხოების, ჩვენი რეგიონის მომავალი უსაფრთხოების პერსპექტიული კონტურები გამოკვეთილი და განხილული იქნეს". - უთხრა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ბელარუსულ სამთავრობო გამოცემას. 

კონფერენციას ასევე დაესწრებიან მოსკოვის საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ОДКБ-ს და СНГ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) გენერალური მდივნები. 

კომენტარები