აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევებამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონისა და ორეგონის შტატებში ხანძრის შედეგად ასობით საარჩევნო ბიულეტენი განადგურდა, ხოლო გამომძიებლები ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენაზე პასუხისმგებელ პირს ეძებენ.
საარჩევნო ყუთებს ხანძარი პორტლენდისა და ვანკუვერის ქალაქებში გაუჩნდა, რომლებიც ერთმანეთისგან 24 კილომეტრით არიან დაშორებული. გამომძიებლების აზრით, აღნიშნული ინციდენტები სავარაუდოდ მანამდე, ოქტომბრის თვეში, მომხდარ მესამე ინციდენტთან არის დაკავშირებული.
გამოცემა New York Times-ის ცნობით, შემთხვევის ორივე ადგილზე და ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთ საარჩევნო ყუთზე წარწერა "თავისუფლება ღაზას" იყო დაწერილი. გამოცემის თქმით, გამომძიებლები ცდილობდნენ დადგენას, არის თუ არა ეჭვმიტანილი პროპალესტინელი აქტივისტი ან პირი, რომელსაც უთანხმოების გაღვივება სურს.
პორტლენდის პოლიციის ბიუროს განცხადების მიხედვით, "ცეცხლგამჩენი მოწყობილობა" საარჩევნო ყუთის გვერდით იყო მიმაგრებული, როდესაც პორტლენდის პოლიცია შემთხვევის ადგილზე 28 სექტემბერს, დილის 3:30 საათზე, მივიდა.
ვანკუვერის პოლიციის დეპარტამენტის მიხედვით, ამავე დღეს 24 კილომეტრის დაშორებით, ვანკუვერის ავტობუსის გაჩერებასთან, ცეცხლი მეორე საარჩევნო ყუთს გაუჩინეს. პოლიციის თქმით, ადგილზე მისვლისას პოლიციამ "საეჭვო მოწყობილობა" აღმოაჩინა, რომელიც კვამლს უშვებდა და ყუთის გვერდით იწვოდა.
არჩევნების ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მალტნომისა და კლარკის ოლქებში საარჩევნო ყუთებს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები აქვთ ჩანიშნული. მალტნომის ოლქის არჩევნების დირექტორის, ტიმ სკოტის თქმით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ პორტლენდის საარჩევნო ყუთში განადგურებას 400-ზე მეტი ბიულეტენი გადაარჩინა და შედეგად მხოლოდ სამი ბიულეტენი დაზიანდა. თუმცა, არჩევნების ოფიციალური პირების თქმით, ვანკუვერში მეორე საარჩევნო ყუთზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ასობით ბიულეტენი განადგურდა.
სექტემბერში აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ "ზოგიერთი სოციალური მედიის მომხმარებელი განიხილავს და ახალისებს საარჩევნო ყუთების საბოტაჟის სხვადასხვა მეთოდს [...]".





