აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024

ტრამპის თქმით, კამალა ჰარისთან კიდევ ერთი დებატი აღარ იქნება

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Ting Shen & Emily Elconin / Bloomberg

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დემოკრატ მეტოქესთან, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან მეტი დებატი აღარ იქნება.

ტრამპის თქმით, მან 10 სექტემბერს დემოკრატი მეტოქე დაამარცხა, რის მტკიცებულებადაც იგი იმას ასახელებს, რომ დებატების დასრულების შემდეგ ჰარისის კამპანიამ იგი კიდევ ერთ დებატში გამოიწვია.

"როდესაც პროფესიონალი მებრძოლი ბრძოლას აგებს, პირველი სიტყვები, რაც მისი პირიდან ამოდის არის - "მე განმეორებითი მატჩი მინდა"". - წერს ტრამპი. მისი მტკიცებით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მან "ამხანაგი კამალა ჰარისის წინააღმდეგ" დებატებში გაიმარჯვა.

CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, 10 სექტემბრის საპრეზიდენტო დებატების ყურების შემდეგ დარეგისტრირებული ამომრჩევლების ძირითადმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მის მეტოქეს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დებატებში აჯობა.

მონაცემების მიხედვით, დებატის მაყურებელთა 63%-ის აზრით, დებატებში ჰარისმა გაიმარჯვა, ხოლო 37%-ის თქმით - ტრამპმა. დებატების გამართვამდე, იგივე მაყურებლების მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ ვინ გაიმარჯვებდა დებატებში, თანაბრად იყო გადანაწილებული: 50% მიიჩნევდა, რომ ჰარისი მოახერხებდა გამარჯვებას, ხოლო 50%-ის თქმით დებატებში ტრამპი გაიმარჯვებდა.

ამასთანავე, დებატების დამთავრების შემდეგ, ერთი მხრივ, კამალა ჰარისის მხარდამჭერების 96%-მა განაცხადა, რომ მათმა კანდიდატმა უფრო კარგი შედეგი აჩვენა, ხოლო მეორე მხრივ, ტრამპის მხარდამჭერების მხოლოდ 69%-მა თქვა, რომ ტრამპის გამოსვლა უკეთესი იყო.

ამას გარდა, 12 სექტემბერს დამთავრებული Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, დებატების შემდეგ, ჰარისმა ტრამპს რბოლაში გადაუსწრო. ორდღიანი გამოკითხვის მონაცემებით, ვიცეპრეზიდენტს დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 47% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპის - 42%.

კომენტარები