რუსული სამთავრობო გამოცემა TACC-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ განაცხადა, რომ ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს და მზად არის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, ყველა პარტიასთან დაიწყოს თანამშრომლობა.
"ჩინეთი ყოველთვის სცემდა პატივს ქართველი ხალხის არჩევანს და საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან, რათა ხელი შეუწყოს ჩინურ-ქართული ურთიერთობების მუდმივ განვითარებას". - TACC-ის ინფორმაციით, თქვა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა პრესბრიფინგზე.
ქართულ ოცნებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს. აღნიშნულს დადებითი რეაქციით შეხვდნენ რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტებიც.
- სიმონიანი: ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!
-
კარასინი: არჩევნები საქართველოში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა
-
პესკოვი არჩევნებზე: ეს ქართველი ხალხის არჩევანია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნები არ ჩაერიონ
-
დუგინმა ოპოზიციის ქართველ ემიგრანტ ამომრჩევლებს მოღალატეები უწოდა
რუსეთის მოკავშირე ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის 31 ივლისს დადეს. 2024 წლის 28 მაისიდან ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
ხოლო 2024 წლის 29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება.





