არჩევნები 2024

ბორელი: თბილისში ვიზიტის ფარგლებში ორბანმა რაც არ უნდა თქვას, ის EU-ს არ წარმოადგენს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში 28-29 ოქტომბერს დაგეგმილი ვიზიტისას ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, "იგი ევროკავშირს არ წარმოადგენს". 

"ორბანი დღეს საქართველოში მიემგზავრება [...], უდავოდ, საქართველოს მთავრობისადმი მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის.

ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს". - თქვა ბორელმა. 

ამავეს ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერიც. 

ერთი დაზუსტება ქართველ მეგობრებს: როცა პრემიერმინისტრი ორბანი თბილისში ჩამოვა, ის უნგრეთის მთავრობის სახელით ილაპარაკებს და არა ევროკავშირის.

ევროკავშირის პოზიციისთვის იხილეთ შარლ მიშელისა და ჯოზეფ ბორელის განცხადებები". - წერს ფიშერი X-ზე.

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28-29 ოქტომბერს ეწვევა. ინფორმაცია გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

"29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერმინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები