მე მინდა დღეს, აქ, ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. იმიტომ, რომ ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით. ჩვენი შემდეგი თაობებისთვის არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი.
რადგან მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ, სწორედ, ინსტიტუტი და მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, მინდა მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას.
ჩვენ დავდგებით ერთად და ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მათთან ერთად, მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 7 საათზე, რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ. ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა, ყველანი ერთად, რომ ჩვენ ეს გამოვაცხადოთ, მსოფლიოს გამოვუცხადოთ.





