დარჩა 50 წუთი. ვინც ჯერ არ მისულა უბანზე, ჯერ კიდევ დარჩა 50 წუთი. მერე არ ინანოთ, რომ "მე არ მივიღე მონაწილეობა ჩემი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში".
დღეს არის ის დღე და ვისაც აქვს სურვილი, მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, დღეს, ახლა უნდა მიხვიდეთ, ახლა და აქ, სხვა დრო აღარ იქნება, თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის.
მინდა, ემიგრანტებს გავახსენო, რომ რვა საათზე ვინც რიგში იქნება, თქვენ გაქვთ უფლება, კომისიიდან გამოვიდეს ადამიანი, რომ 20:00 საათისთვის ვინც რიგში დგას, ყველა უნდა ჩაწეროს და ყველას უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ეს არის თქვენი უფლება, თქვენი დასაცავია.
მინდა, ასევე ადამიანებს ვუთხრა, ვინც შეიძლება, რაღაცნაირად შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, ძალიან არაევროპულად აცხადებენ, უკვე მოვიგეთო, აცხადებენ, რაღაც სცენას გავმართობთო და აცხადებენ თუ არ აცხადებენ, მაგრამ გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმელები შევიდნენ მთავრობის შენობაში.
არ შეშინდეთ, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა თქვენზე და პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და დალოდება შედეგებისთვის.
მე არ ვაპირებ, რომ აქ რამე სცენა გავმართო, არ ვაპირებ, რომ წინსწრებით რამე შედეგები გამოვაცხადო, მე დაველოდები როგორც ევროპელი, როგორც ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი, დაველოდები შედეგს და ყველა ერთად გავიგებთ, როცა დრო მოვა, ამ შედეგებს. ასე რომ ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.





