ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

WSJ: რუსეთი იემენელ ჰუსიტებს დასავლურ გემებზე იერიშისთვის სატელიტურ მონაცემებს აწვდიდა

AP Photo

გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი იემენელ ჰუსიტებს წითელ ზღვაში დასავლურ კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის სატელიტურ მონაცემებს აწვდიდა. 

თავდაცვის საკითხებში ორი ევროპელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ჰუსიტებმა გემებზე თავდასხმები ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ გააძლიერეს და ამისთვის რუსული სატელიტური მონაცემების გამოყენება დაიწყეს. ჰუსიტები მონაცემებს რუსეთისგან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გავლით იღებდნენ. 

"ამგვარი დახმარება აჩვენებს, თუ რა სიღრმეებში შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესვლა იმისათვის, რომ დასავლური ეკონომიკას, აშშ-ს წინამძღოლობით, და პოლიტიკურ სტაბილურობას ძირი გამოუთხაროს. რუსეთი, ამ შემთხვევაში, დაეხმარა ირანის მიერ მხარდაჭერილ და აშშ-ს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულ ჰუსიტებს მაშინ, როდესაც ისინი სისტემატურ თავდასხმებს ახორციელებდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სავაჭრო მარშრუტზე", - წერს Wall Street Journal-ი. 

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ, რის გამოც წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება შეფერხდა, ხოლო 17 იანვრიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-მ ტერორისტთა სიაში დააბრუნა. 

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

კომენტარები