ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

ბრიტანეთის საზღვაო ძალების თქმით, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში კიდევ ერთი გემი ჩაძირეს

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მეზღვაურები ეხმარებიან ხომალდ "Tutor-ის" ეკიპაჟს წევრებს, რომლებსაც იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში თავს დაესხნენ
U.S. Naval Forces Central Command/U.S. 5th Fleet/Handout via REUTERS/ File Photo

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 18 ივნისს ჩაიძირა ხომალდი, რომელსაც წინა კვირას იემენელმა ჰუსიტებმა საზღვაო დრონითა და რაკეტებით დაარტყეს. ეს ჰუსიტების მხრიდან გემის ჩაძირვის მეორე შემთხვევაა, რაც დაჯგუფებამ რეგიონში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები დაიწყო.

12 ივნისს პროდუქტების გადასაზიდ ბალკერ "Tutor-ს" ჰუსიტების მიერ გაშვებული საზღვაო ფეთქებადი მოწყობილობა და რაკეტები მოხვდა, რის შემდეგაც ხომალდში წყალმა შეღწევა დაიწყო. საბოლოოდ, ეკიპაჟმა გემის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ოფიციალური სამხედრო პირების პირების ცნობით, [გემის] ბოლო ცნობილ ლოკაციაზე საზღვაო ნარჩენები და ნავთობი შენიშნეს". - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ძალებმა და დაამატა, რომ მათი წარმოდგენით, "ხომალდი ჩაიძირა".

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც თავდასხმის დროს ძრავის ოთახში იმყოფებოდა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ეს ჰუსიტების მიერ გემის ჩაძირვის მეორე დადასტურებული შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მარტის თვეში ხომალდ "Rubymar-ზე" ჰუსიტებმა იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც იგი ჩაიძირა.

ამას გარდა, 16 ივნისს იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ არაბეთისა და წითელ ზღვაში მცურავ ორ სამოქალაქო ხომალდსა და ასევე ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანზე იერიში მიიტანეს.

ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ დაჯგუფებამ ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, სამოქალაქო ხომალდ "Captain Paris-ს" საზღვაო რაკეტები ესროლა, ხოლო მეორე სამოქალაქო გემის "Happy Condor-ის" მიმართულებით დრონები გაუშვა. გავრცელებულ განცხადებაში არ იყო დაზუსტებული, მოხვდა თუ არა გაშვებული რაკეტები და დრონები სამიზნეებს.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იემენელი ჰუსიტები ტერორისტებად ხელახლა გამოაცხადა

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ, რის გამოც წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება შეფერხდა, ხოლო 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-მ ტერორისტთა სიაში დააბრუნა. 

კომენტარები