საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.39 მლნ აშშ დოლარი (767.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.1%-ით ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების 17.5% იტალიაზე მოდის - 49.6 მილიონი დოლარი, რაც 13.47%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (17.3%), საიდანაც გასულ თვეში 49.03 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 17.69%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.64%) 35.82 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 39.96%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- იტალია - $49.6 მლნ;
- აშშ - $49.03 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია - $35.82 მლნ;
- გერმანია - $25.52 მლნ;
- საბერძნეთი - $24.72 მლნ;
- ისრაელი - $20.66 მლნ;
- ყირგიზეთი - $9.2 მლნ;
- თურქეთი - $8.99 მლნ;
- ყაზახეთი - $8.08 მლნ;
- ირლანდია - $5.92 მლნ;
- ესპანეთი - $5.67 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო - $4.88 მლნ;
- საფრანგეთი - $4.78 მლნ;
- აზერბაიჯანი - $3.46 მლნ;
- პოლონეთი - $2.97 მლნ;
მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.