ავსტრალია

ტელეფონის ამოღების მცდელობაში, ქალი კლდეებს შორის თავდაყირა 7 საათით გაიჭედა

ფოტო: ახალი სამხრეთ უელსის სასწრაფო დახმარების სამსახური (NSW) 

ავსტრალიაში ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩავარდნილი ტელეფონის ამოღებას ცდილობდა, ლოდებს შორის 7 საათის განმავლობაში თავდაყირა მდგომარეობაში იყო გაჭედილი.

ინციდენტი 12 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ქალაქ სიდნეიდან დაახლოებით 120 კილომეტრში, ჰანტერ-ველიში 23 წლის ქალს მეგობრებთან ერთად სეირნობის დროს მობილური ტელეფონი ლოდებს შორის ჩაუვარდა.

სამაშველო სამსახურებს ქალის სახელი და გვარი ოფიციალურად არ გაუსაჯაროებიათ, ცნობილია მხოლოდ მისი ასაკი.

ახალი სამხრეთ უელსის სასწრაფო დახმარების სამსახურმა (NSW) 21 ოქტომბერს გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ლოდებს შორის გაჭედილი ქალის ფეხის გულები ჩანს, ამ მდგომარეობაში იგი ამოყვანამდე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

სამაშველო სამსახურების ცნობით, ტელეფონის ამოღების მცდელობისას ქალი ლოდებს შორის დაახლოებით 3 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა, იმდენად ღრმად, რომ მეგობრებმა მისი ამოყვანა ვერ შეძლეს.

სასწრაფო დახმარების სპეციალისტმა, მაშველმა პიტერ უოტსმა CNN-თან ინტერვიუს დროს თქვა, რომ ამ ტერიტორიაზე სატელეფონო სიგნალი არ იჭერდა, ამიტომ, მაშველებთან დასაკავშირებლად მის მეგობრებს ადგილის დატოვება მოუწიათ.

როგორც უოტსი ამბობს, ის ინციდენტის ადგილას ერთ-ერთი პირველი მივიდა და ერთადერთი რისი დანახვაც შეეძლო იყო კლდეებს შორის გაჭედილი ქალის ფეხები:

"პირველივე რაც გავიფიქრე, იყო, თუ როგორ უნდა ამოგვეყვანა აქედან? აქამდე მსგავსი არაფერი შემხვედრია.. კოლექტიური მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მისი ამოყვანა მხოლოდ ვერტიკალურად შეგვეძლო, რაც ნიშნავდა, რომ კლდეები უნდა მოგვენგრია". - თქვა მან.

ქალის ამოსაყვანად ადგილზე მისვლიდან დაახლოებით 7 საათის განმავლობაში პოლიცია, სასწრაფო, სახანძრო და მოხალისე სამაშველო ეკიპაჟები ერთად მუშაობდნენ.

თავდაპირველად, კლდეებს შორის გაჭედილ ქალს მაშველებმა ურჩიეს ზედმეტი მოძრაობებისგან თავი შეეკავა, რათა, შემთხვევით, უფრო ღრმად არ ჩავარდნილიყო.

"ჩვენ გვეშინოდა, რომ კლდეების გადაადგილებისას ქვები ქალზე არ დაცემულიყო".- ამბობს მაშველი. მისი თქმით, სანამ მაშველები ქალის ფეხებს მისწვდნენ, მათ 6 დიდი ლოდის მოხსნა მოუწიათ.

ფეხებამდე მისასვლელად მაშველებს ლოდების გადასაადგილებლად რამდენიმე საათი დასჭირდათ. ბოლო ლოდი, რომელიც უნდა გადაეტანათ, დაახლოებით, 500 კილოგრამს იწონიდა. შემდეგ, საჭირო იყო ქალის სხეულის სწორი ტექნიკით ამოყვანა.

 "ის [კლდეებს შორის გაჭედილი ქალი] ამ ყველაფრის ფონზე სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ამან ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მის ადგილას მე პანიკაში ვიქნებოდი. ის კი სრულიად არ იყო პანიკაში" - ამბობდა მაშველი.

ქალის ამოყვანა რამდენიმე საათიანი სამუშაოების მერე მოხერხდა. მაშველების თქმით, მას ძლიერი თავბრუსხვევა აწუხებდა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალს მხოლოდ მცირე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები შეენიშნებოდა.

ამოყვანის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ჩავარდნილი ტელეფონის ამოღება კი მაინც ვერ მოხერხდა.

კომენტარები