2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ძირითადი ოპოზიციური მოთამაშეების სახელმწიფო პროგრამა “ქართულ ქარტიაშია” გაწერილი. ქარტია წარმოადგენს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფების შეთანხმებას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ სახელმწიფოს არსებითი რეფორმირება.
ამ რეფორმების საკვანძო ნაწილია სასამართლოს გათავისუფლებისა და მისთვის ნდობის აღდგენის საგზაო რუკა, რომელზეც ყველა სხვა რეფორმაა დამოკიდებული, ამდენად ის ცალკე ყურადღებას იმსახურებს.
სასამართლოს შესახებ ჩანაწერი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოებისა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმისგან, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს.
წინაისტორია
დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის უმთავრესი პრობლემაა. საბჭოთა კავშირში იძულებით გატარებულმა 70-მა წელმა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გარკვეულწილად რეფორმირებულმა, თუმცა დიდწილად კონტროლირებულმა სასამართლომ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეპუტაცია დაასამარა.
სასამართლო პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი, იზოლირებული პრობლემა, რომელიც სხვებისგან ავტონომიურად არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველა სხვა პრობლემის “დედაა”.
მისი პრაქტიკული არარსებობა ძირს უთხრის სახელმწიფო განვითარების ყველა ასპექტს.
სახელისუფლებო ლექსიკონში დამკვიდრებულია ფრაზა, რომ ქვეყანა “ორ ფეხზე” დგას, რაც სრული სიმართლეა, თუ გავითვალისწინებთ რომ სინამდვილეში დემოკრატიული რესპუბლიკა სამზე უნდა იდგას: აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებზე, რომელთაგან საქართველოს ერთი აკლია.
დამოუკიდებლობის არარსებობა
ქართული სასამართლოს მართულობა საერთაშორისოდ სახელგანთქმულია და ყველამ, ვინც ამით დაინტერესებულა, იცის, რომ ამჟამინდელი რეჟიმი სასამართლოს კლანის მეშვეობით მართავს.
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხანია, რაც გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფს „კლანს“ უწოდებენ და ყურადღებას ამახვილებენ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენაზე ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმის განაწილების სისტემის მანიპულირებაზე, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალეობის ნაკლებობასა და ხარვეზებზე, უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაზე.
სასამართლოს კლანური მმართველობა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის თავჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა.
შესაბამისად, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემის ხელახლა აწყობა იქნება. ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა სასამართლოს განტვირთვა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა.
მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის პრობლემების გადაჭრის უმთავრესი გზა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია.
როგორც ქარტიაში წერია, გაძლიერდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატი და მისი უფლებამოსილება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც გავრცელდება.
დღესდღეობით, ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილული საქმეების რაოდენობა მინიმალურია. მაგალითად რომ ავიღოთ, 2010-დან 2021 წლამდე, 150 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმიდან ნაფიცმა მსაჯულებმა მხოლოდ 64 განიხილეს, რაც აღნიშნულ პერიოდში განხილული საქმეების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 0.04%-ია.
იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო მთავრობის დაქვემდებარებაშია, ადამიანებს სასამართლოსთვის მიმართვის სურვილი ნაკლებად უჩნდებათ, რადგან ობიექტური განაჩენის იმედი არ აქვთ. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტულ საქმეზე ხელისუფლების რაიმე ინტერესი იკვეთება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნაფიცმა მსაჯულებმა განსაჯონ ისეთი საქმეებიც, სადაც ერთ-ერთი მხარე არის მედია, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო ორგანიზაცია ან რელიგიური გაერთიანება.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება ხალხის მხრიდან სასამართლოს მიმართ უნდობლობის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაცაა - რადგან, საქმეებს რიგითი მოქალაქეები განსჯიან და არა რეჟიმს დაქვემდებარებული მოსამართლე. გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის წესის გათვალისწინებით, მათზე გავლენის მოხდენა ძალიან რთულია, რაც საზოგადოებას სასამართლოს მიმართ მეტ იმედსა და ნდობას გაუჩენს.
ამასთან ერთად, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად საჭიროა სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 2024 წლის იანვარში, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო. 5 აპრილს კი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის, მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა, რაც პირდაპირ მიანიშნებს სასამართლოში არსებულ მაღალი დონის კორუფციაზე.
პრეზიდენტის ქარტიის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემის კორუფციისგან გასათავისუფლებლად საჭიროა მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმება. პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეს შემოწმება შეეხება ახალ მოსამართლეებს და ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია. ამასთან ერთად, შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
ქარტიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს განტვირთვის უზრუნველსაყოფად და საქმეთა განხილვის ვადების შესამცირებლად, საჭიროა, სასამართლოში ახალი მოსამართლეების დამატება.
ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის გადატვირთულობა განპირობებულია არა საქმეების დიდი ნაკადით, არამედ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობით.
ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო, მოსამართლეები ვერ ახერხებენ საანგარიშო წლის განმავლობაში შესული საქმეების დროულად განხილვას, რის გამოც ყოველწლიურად განსახილველი საქმეების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. საქმეთა გაჭიანურების ტენდენცია კი საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით.
გადატვირთულობის მხრივ, პრობლემა ყველაზე მწვავედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით დგას. განსახილველი საქმეების ნახევარზე მეტი თბილისის საქალაქო სასამართლოში შედის. შესაბამისად, საქმეთა რაოდენობის კუთხით ყველაზე დატვირთული ეს სასამართლოა, სადაც, დღევანდელი მდგომარეობით სამოქალაქო სამართლის პროფილის 60 მოსამართლე მუშაობს.
“ქართული ქარტიის” მიხედვით, ოპოზოციური პარტიები თანხმდებიან, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სასამართლოში მეტი მოსამართლის დამატება, ხოლო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პირველ რიგში, საჭირო იქნება სამოქალაქო სამართლის პროფილის მიმართულებით მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა სასამართლოს პირველ ინსტანციაში.