არჩევნები 2024

ხაზარაძე: 3 ძირითად დაპირებას შევასრულებთ პირველ 3 კვირაში, როცა ხელისუფლებაში მოვალთ

თქვენ იცით, რომ ჩვენ 3 ძირითადი საკითხი წამოვაყენეთ ძალიან დიდ, ილიას გზის გეგმაში, რომელშიც არის ძალიან ბევრი საკითხი და რეფორმა გამოტანილი, მაგრამ დღეს სამზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის რუსული გავლენის შემცირება საქართველოში და ევროკავშირისკენ სწრაფი სვლა, მეორე არის 1 000-ლარიანი პენსია და მესამე, ეს არის 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.

მინდა გითხრათ, რომ ამ სამ დაპირებას განვახორციელებთ პირველ სამ კვირაში, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ. ჩვენ ინიცირებას გავაკეთებთ და გამოვიტანთ რუსულ კანონს პარლამენტიდან და დავიწყებთ იმ 9-პუნქტიანი ნაბიჯების აღსრულებას, რომელიც ძალიან სწრაფად გაგვიხსნის გზას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ეს არის პირველი.

მეორე - 1 000-ლარიანი პენსია. 1 000-ლარიან პენსიაზე ჩვენ გავაკეთებთ ბიუჯეტის კორექტირებას. მის რესურსებს შემოვიტანთ იმ საგადასახადო სივრციდან, დავბეგრავთ იმ საგადასახადო ობიექტებს, რომლებიც არის კაზინოების, რულეტკების და სათამაშო ბიზნესი. [...]

მესამე - 200 000 სამუშაო ადგილი. ადამიანები გვეკითხებიან - როგორ შეიძლება ამის გაკეთება? დიახ, ეს შესაძლებელია... პირველივე, რასაც გავაკეთებთ, ინიცირებას გავაკეთებთ პარლამენტში, რომ აიკრძალოს ისეთ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, რომელშიც სხვა სახელმწიფოს წილია კომპანიებში და აიკრძალოს ყველა იმ კომპანიის მონაწილეობა საქართველოში, რომელიც დასანქცირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

იცით, რომ ჩინურ კომპანიას, რომელიც იღებს ანაკლიის ტენდერში მონაწილეობას, აქვს უზარმაზარი სანქციები სხვადასხვა დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება კერძო კაპიტალი, დიდი კორპორაციები და არა სხვა სახელმწიფოს მონოპოლია ამა თუ იმ, მით უმეტეს, სტრატეგიულ ობიექტზე. ამის ინიცირებას გავაკეთებთ ჩვენ პარლამენტში. გარწმუნებთ და პირობას ვდებ, რომ 4 წელიწადში საქართველოში დამთავრდება პირველი ფაზა ანაკლიის პორტის.

ეს ყველაფერი, მე მინდა, სახალხოდ დავადასტურო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ავიღო ეს პასუხისმგებლობა და გითხრათ, რომ სამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ წინ წავიწიოთ, განვახორციელებთ პირველი სამი კვირის განმავლობაში. ასე რომ, არჩევანი არის ძალიან ნათელი.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები