საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ბ" და "ლ"’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის "ბ" და "ლ"’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა". - წერს პროკურატურა.
2024 წლის 9 თებერვალს "სტამბოლის ბაზარში" 4 ადამიანი მოკლეს და 1 დაჭრეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელი იყო 1988 წელს დაბადებული გ.ო., რომელიც ადგილზე დააკავეს. მოკლულთა შორის იყო მსჯავრდებულის ბიძაც.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით თავდამსხმელის ძმაც დააკავა.