არჩევნები 2024

ქართული ოცნება უარყოფს, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ

ქართული ოცნების წევრი, გივი მიქანაძე უარყოფს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. 

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანია იზრდება. გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე, რომ ვითომ, ქართული ოცნების სასარგებლოდ, ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ხდება. ამგვარი სიცრუის კამპანია რადიკალებისთვის დამახასიათებელია". - თქვა მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მიქანაძე ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, წნორში, მოხუცებულთა თავშესაფარში, ხანდაზმულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს, სულ 31 ადამიანს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ისინი ქართული ოცნების ოფისში წაიღეს.

"ამჯერად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხდება. კერძოდ, 17 ოქტომბერს, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე თქვა, რომ თითქოს, წნორში, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოხუცთა თავშესაფარში 31 ადამიანს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ოფისში წაიღეს. ეს ინფორმაცია რომ სიცრუეა, ამაზე თავად კორძაიას განცხადებაც მეტყველებს, რომლის თანახმად, ვციტირებ: - "ჩვენ ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები ვიცით, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ დავასახელებთ". რეალურად, არანაირი პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და ეს მტკნარი სიცრუეა". - თქვა მიქანაძემ.

მიქანაძემ ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით, რუსთავში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ისინი მმართველი გუნდის ოფისში წაიღეს.

"17 ოქტომბერს, მთავარმა არხმა სიუჟეტი გაუშვა, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირება სცადეს. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობაა". - თქვა მიქანაძემ.

მიქანაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ინფორმაციები არ გაითვალისწინონ.

"საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებული სიცრუის შემცველი ინფორმაციები არ გაითვალისწინონ და საკუთარ ანგარიშებში შეაფასონ როგორც ოპოზიციის მხრიდან სიცრუის ტირაჟირება, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება". - ამბობს მიქანაძე.

კომენტარები