თბილისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად, 20 ოქტომბერს მოქალაქეებს ზღვისუბნის პარკში კონცერტზე ეპატიჟება, სადაც მათ "დაუვიწყარი საღამო ელოდებათ".
მერია ამავე ღონისძიებაზე ჯგუფი "მგზავრების" მიერ კონცერტის გაუქმებასაც გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერია მიიჩნევს, რომ "მგზავრებმა" ე.წ. ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების ბულინგს ვერ გაუძლეს, რაც ჯგუფის მიერ კონცერტის გაუქმების მიზეზი გახდა.
"სამწუხაროა, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.
ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერია იმედოვნებს, რომ პარკის გახსნას, ასეთ "მნიშვნელოვან ღონისძიებას" ღონისძიებაზე დასწრებით თბილისელები "სათანადოდ აღნიშნავენ".
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, ჩემი ხმა ევროკავშირს, 20 ოქტომბერს თბილისში მარშს, სახელად საქართველო ირჩევს ევროკავშირს, გამართავს.
"20 ოქტომბერს თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს - საქართველო ირჩევს ევროკავშირს, რომელზეც გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი არის მნიშვნელოვანი.
ამ საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში". - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.