არჩევნები 2024

პაპუაშვილი: აფხაზებს ვეტყვი - ჩვენი ერების გადარჩენის გზა საქართველოს ერთიანობაზე გადის

გვრჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა, იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგვხედოს ისე, თითქოს საქმე სახვეწრად და დასამადლებლად გვქონოდეს. 

ჩვენ, ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები - შეუძლებელია, ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ახორციელებს.  

ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულებაგამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა. „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი - ჩვენი ღირებულებების საფუძველზე, ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმებაა და არა უსიტყვოდ დათანხმებაა. 

ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; "ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის. 

წინ 26 ოქტომბერია, დღე როცა უნდა გადაწყდეს რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა - დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან. 

ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ, 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ.

შალვა პაპუაშვვილი ზუგდიდში, ქართული ოცნების რეგიონული შეხვედრისას.

კომენტარები