კილიან მბაპე

შვედური მედიის ცნობით, მბაპეს გაუპატიურების გამო უჩივიან, ფრანგი ბრალდებას ყალბს უწოდებს

შვედური გამოცემა Expressen-ის ცნობით, მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავს, კილიან მბაპეს ბრალი ედება გაუპატიურებაში, ინფორმაციის გავრცელება მბაპეს სტოკჰოლმში ვიზიტს მოჰყვა. ფეხბურთელი გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს.

თავდაპირველად, გამოცემა Aftonbladet-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთის პოლიციაში გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე საჩივარი შევიდა, თუმცა, ბრალდებულის ვინაობა უცნობი იყო. მოგვიანებით კი Expressen-მა გაავრცელა ცნობა, რომ "პოლიცია გამოძიებას აწარმოებდა ვარსკვლავის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებული იყო სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში". მათივე ცნობით, ბრალდებული სწორედ ფრანგი ფეხბურთელია.

შვედურ მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, ფრანგული AFP მბაპეს წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მბაპეს წინააღმდეგ საჩივრის არსებობაზე.

მოგვიანებით, ცნობას თავად მბაპეც გამოეხმაურა, რომელმაც X-ზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, რომ შვედური მედიის გავრცელებულ ინფორმაციასა და მბაპე-პსჟ-ს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო მოსმენას შორის კავშირი არსებობს.

"ყალბი სიახლე !!!!. ეს ყველაფერი უკვე პროგნოზირებადი ხდება, მოსმენის წინა დღეს, თითქოს შემთხვევით". - წერს მბაპე.

კილიან მბაპე, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში ოქტომბრის თამაშებისთვის გამოძახებული არ იყო, სტოკჰოლმში რამდენიმე დღით, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. რაც შეეხება მბაპეს და პსჟ-ს დაპირისპირებას, მხარეები 55 მილიონ ევროზე დაობენ, რომელიც ფეხბურთელის მტკიცებით მას კონტრაქტში ჩადებული პუნქტების მიხედვით კლუბისგან ეკუთვნოდა.

კომენტარები