ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების ფონზე, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა.
ერაყში, ქალაქ კარბალაში ლიბანში ისრაელის იერიშის შედეგად მოკლული ირანელი მეთაურის ხსოვნის პატივსაცემი ცერემონიის გაშუქებისას ირანის ტელევიზიის ეთერში პიროვნება გამოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, ისმაილ ყაანია.
ცნობისთვის, ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაანი 3 ოქტომბერს ბეირუთზე ისრაელის იერიშის დროს დაშავდა ან დაიღუპა. გავრცელებული ცნობებით, ყაანი ჰეზბოლას ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას პოტენციურ მემკვიდრესთან, ჰაშიმ საფი ალ-დინთან ერთად მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდა.
ამასთან, Reuters უსაფრთხოების საკითხებში ორ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ ყაანი ბეირუთზე ისრაელის იერიშების შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა
მანამდე, Reuters ლიბანის უსაფრთხოების ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჰაშიმ საფი ალ-დინთან კონტაქტზე გასვლა პარასკევის, 4 ოქტომბრის შემდეგ ვერ ხერხდება.
4 ოქტომბერს ამერიკულმა მედია Axios-მა ისრაელის სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 3 ოქტომბერს ბეირუთზე მიტანილი იერიშის სამიზნე ჰაშიმ საფი ალ-დინი იყო, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდა.
მოგვიანებით, ირანული წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაანი ცოცხალი იყო და თეირანში იმყოფებოდა. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) უსაფრთხოების სამსახურმა ყაანი შინაპატიმრობაში მოათავსა და ისრაელისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებდნენ.
Sky News Arabic-ის დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისმაილ ყაანმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი დაკითხვის დროს გულის შეტევა მიიღო. დაკითხვის მთავარი მიზეზი ჰეზბოლას მეთაურის, ჰასან ნასრალას მკვლელობაში ყაანის პოტენციული მონაწილეობის ეჭვი გახდა.
გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულიდაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.
მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელზე 181 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. ისრაელმა, აშშ-მ და რეგიონულმა პარტნიორებმა ობიექტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს, ახლა კი იერუსალიმი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება.





