გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია მალე ისრაელს დამატებით სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს გერმანიის მხრიდან ისრაელისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების მნიშვნელოვან შემცირებას ოპოზიციის მხრიდან ბრალდებები მოჰყვა, რომ მთავრობა ექსპორტს მიზანმიმართულად აყოვნებს.
"ჩვენ არ გადაგვიწყვეტია შეიარაღების არ მიწოდება. ჩვენ [ისრაელს] იარაღს ვაწვდიდით და მიწოდებას გავაგრძელებთ". - განაცხადა შოლცმა ბუნდესტაგში ისრაელზე ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც "უზრუნველყოფს, რომ მალე [შეიარაღების] მიწოდებები იქნება".
გერმანიის მხრიდან ისრაელისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებაზე ნებართვები მიმდინარე წელს მკვეთრად შემცირდა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის თვიდან 21 აგვისტომდე €14.5 მილიონი შეადგინა.
მანამდე, 2023 წელს გერმანიამ ისრაელისთვის €326.5 მილიონის ღირებულების ექსპორტის ნებართვა გასცა, რაც სამხედრო აღჭურვილობასა და ომისთვის საბრძოლო მასალებსაც მოიცავდა.
შემცირებულ ექსპორტთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას ნათქვამი აქვს, რომ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე ბოიკოტი არ არსებობს.