არჩევნები 2024

საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება და ემიგრანტები ხმის მიცემას ჯამში 42 ქვეყანაში 67 უბანზე შეძლებენ.

აღნიშნული უბნები ათენში, ნიუ-იორკში, თესალონიკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომსა და პარიზში დაემატება, იმავე ქალაქებსა და ლოკაციებზე, სადაც უბნები უკვე არსებობს.

დღემდე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის 60 საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმებოდა. ცესკოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნეს. მათი მტკიცებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, "სადაც არ იყო არცერთ წინა არჩევნებზე - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია და ავსტრალიის თანამეგობრობა".

კომენტარები