2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონებში ამომრჩევლის გამგზავრების უზრუნველსაყოფად სოციალურ ქსელში პლატფორმები შეიქმნა.
გამიყოლე არჩევნებზე - ახალგაზრდულმა მოძრაობამ თავისუფლებისთვის არჩევნების დღეს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით, რეგიონებში ჩასასვლელად ურთიერთდახმარების მიზნით ახალი ფეისბუქ ჯგუფი 24 სექტემბერს შექმნა.
"გავიყოლოთ ერთმანეთი გადამწყვეტ არჩევნებზე გადამწყვეტი ხმის მისაცემად!" - წერია ჯგუფის აღწერაში.
"ჯგუფი, რომლის ინიციატორებიც ვართ - გამიყოლე არჩევნებზე, არის პლატფორმა, რომელიც სთავაზობს ადამიანებს გამოსავალს, რადგან 26 ოქტომბერს შეიძლება ბევრი პრობლემა შეიქმნას გადაადგილების მხრივ. არის ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, მეც ქუთაისში ვარ რეგისტრირებული და იქ ვაძლევ ხმას. არის ბევრი პირი, რომელიც ამჟამად პირობითად დედაქალაქში ცხოვრობს, თუმცა რეგისტრირებულია სხვაგან და უწევს რომ იქ მისცეს ხმა ფიზიკურად, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ასეთი ხმა არ დაიკარგოს და არ დარჩეს საარჩევნო უბნის მიღმა.
შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ასეთი პლატფორმა, სახელიდანაც იკითხება მიზანი - გამიყოლე არჩევნებზე - ურთიერთდახმარების ფარგლებში შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაიკარგოს ამ არჩევნებზე". - თქვა ჯგუფის ადმინისტრატორმა და აქტივისტმა, ნიკო მანაგაძემ ფორმულას ეთერში.
ამომრჩევლის ხმის დაცვისა და რეგისტრაციის ადგილას გამგზავრების პროცესის გასამარტივებლად ფეისბუქ ჯგუფი - გაიყოლე არჩევნებზე - შექმნა მოძრაობა სირცხვილიამ.
"თუ შენი საარჩევნო უბანი სხვა ქალაქში ან სოფელში მდებარეობს, შეგიძლია იქამდე მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი, ხალისიანი და ნაკლებხარჯიანი გახადო.
ჯგუფი გაიყოლე არჩევნებზე მოგცემთ საშუალებას იპოვოთ თქვენი მეგზური არჩევნებზე და ერთად წახვიდეთ ამა თუ იმ რეგიონში ხმის მისაცემად, რაც თითოეული თქვენგანისთვის გადაადგილებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის!" - ნათქვამია ჯგუფის აღწერაში.





