ემიგრანტები არჩევნებზე - 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით მოძრაობა სირცხვილიამ Facebook ჯგუფი შექმნა.
"ჯგუფის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის ზრდას. ერთი მილიონი ემიგრანტიდან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 ათასმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების ბედი ემიგრანტების ხელშია.
ეს ჯგუფი და კამპანიის ფარგლებში შექმნილი პლატფორმა - archevnebi.com გთავაზობთ:
საინფორმაციო სივრცეს: არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია - რეგისტრაცია და საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, საარჩევნო უბნების მისამართები და ა.შ.
თვითორგანიზების სივრცეს:
- სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნიდან დაშორება ხშირად ძალიან დიდია, ეს ჯგუფი გთავაზობთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაერთიანების გზით საარჩევნო უბნამდე მისასვლელი დაბრკოლებები ერთად გადალახონ.
- უბნების გასახსნელად, საქართველოს კანონმდებლობით, საკმარისია თითოეულ ქალაქში 50 ხელმოწერის შეგროვება. მიუხედავად იმისა, რომ ცესკო მოთხოვნას, როგორც წესი, არ აკმაყოფილებს, გვინდა შევქმნათ უბნების გახსნის მოთხოვნის ინიციატივების სიმრავლე, რათა ვაჩვენოთ საერთაშორისო პარტნიორებს, თუ როგორია ხელისუფლების პოლიტიკა ემიგრანტების მიმართ.
სადისკუსიო სივრცეს: გაგვიზიარეთ თქვენი იდეები, გამოცდილება და მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ემიგრანტების მობილიზებას.
შემოგვიერთდით, მოიწვიეთ ნათესავები, მეგობრები და ახლობლები, რათა უზრუნველვყოთ ემიგრანტების აქტიური მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში!" - ნათქვამია ჯგუფის აღწერაში.
სოციალურ ქსელში პლატფორმები შეიქმნა არჩევნებისთვის რეგიონებში ამომრჩევლის გამგზავრების უზრუნველსაყოფადაც.