სომხეთმა 8 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე მიღებული ორი განცხადების მხარდაჭერაზე უარი თქვა. შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ესწრებოდა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ სომხეთი არ შეუერთდა 8 ოქტომბერს მიღებულ ორ განცხადებას. მას გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული რაიმე დეტალი არ დაუკონკრეტებია.
დსთ-ს სხდომაზე მიღებულ პირველ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა ევრაზიაში უსაფრთხოების თანამშრომლობის პრინციპებზე. განცხადება "ევრაზიული არქიტექტურის მულტიპოლარულ რეალობასთან ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროების ადაპტაციას" უსვამდა ხაზს.
მეორე განცხადება "საერთაშორისო ურთიერთობებში ცალმხრივი შემაკავებელი ზომების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ" - რეკომენდაციას უწევდა წევრ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ ასეთი ზომების მიღებისგან, გაფართოებისა და გამოყენებისგან.
მეორე განცხადება რუსეთისთვის, უკრაინაში ომის დაწყების გამო, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მიიღეს.
განცხადებაში ცალმხრივი ზომები განმარტებულია, როგორც იძულებითი ხასიათის ზომები, რომელსაც სახელმწიფო, ჯგუფი ან სახელმწიფოთა გაერთიანება გაეროს წესდების დარღვევით იღებს. ზომებში მათ შორის იგულისხმება ზეწოლის გამოყენება ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს პოლიტიკური, იურიდიული, ფინანსური თუ ეკონომიკური, რათა აიძულოს სხვა სახელმწიფოს შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რაც გამოიწვევს დამატებით ხარჯებს და ზიანს აყენებს ამ სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მხარდამჭერებს.
ცოტა ხნით ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანს რუსეთის მიერ კონტროლირებად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ბევრი შეკითხვა აქვს. სომხეთი ასევე ხედავს გარკვეულ მიზეზებს, რომ ის სომხეთის სახელმწიფოებრიობის საფრთხედ მიიჩნიოს.