პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
"[ზურაბიშვილი] გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება" - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.
"როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა" - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი 2023 წლის 18 ოქტომბერს არ შედგა. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. პრეზიდენტის გადაყენებას 100 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. ჯამში რეგისტრაცია 90-მა პარლამენტარმა გაიარა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად 2023 წლის 16 ოქტომბერს ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.