იმპიჩმენტი

"არაფერს" - პრეზიდენტი კითხვაზე, რას პასუხობს ოცნებას იმპიჩმენტის წამოწყებაზე

სალომე ზურაბიშვილის Intagram-ი 

"არაფერს" - პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რას იტყვის ქართული ოცნების მიერ მეორედ წამოწყებულ იმპიჩმენტზე.

7 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია ხელახლა აღძრავს იმპიჩმენტის პროცედურას სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

მისივე თქმით, წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნებამდე გაიგზავნება. 

"როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა" - თქვა პაპუაშვილმა. 


პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი 2023 წლის 18 ოქტომბერს არ შედგა. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. პრეზიდენტის გადაყენებას 100 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. ჯამში რეგისტრაცია 90-მა პარლამენტარმა გაიარა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად 2023 წლის 16 ოქტომბერს ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

კომენტარები