არჩევნები 2024

ოცნება ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას გვთხოვს, უარს ვამბობთ - 3 ტელევიზიის განცხადება

ტელეკომპანია პირველი, TV ფორმულა და მთავარი არხი განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".

"ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე - ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც არხებისთვის ლიცენზიის შეჩერების მუქარამდეც მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია "ქართული ოცნების" ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს," - წერია განცხადებაში. 

26 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნების წინასაარჩევნო ახალი ბანერები გამოჩნდა.

ქვეყნის მმართველმა პარტიამ ბანერებზე რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის, ათასობით უდანაშაულო ადამიანისა და ეკლესიების ნგრევის კადრები გამოსახა. ამასთან ერთად, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კლიპი დაამზადა, სადაც უკრაინის დაბომბილი და განადგურებული ქალაქები ჩანს.

კომენტარები