დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

რეგიონული დაძაბულობის ფონზე, Emirates-მა ერაყში, ირანსა და იორდანიაში ფრენები გააუქმა

ირანის თავდასხმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით, 1-ელი ოქტომბერი, 2024
REUTERS/Amir Cohen

გაერთიანებულ არაბთა საამიროებში დაფუძნებულმა ავიახაზებმა "Emirates" განაცხადა, რომ "რეგიონული დაძაბულობის" ფონზე ერაყში, ირანსა და იორდანიაში სამი დღით ფრენებს აჩერებს.

"Emirates რეგიონული არეულობის გამო 4-5 ოქტომბერს ყველა ფრენას აჩერებს ერაყის, ირანის, იორდანიის მიმართულებით და პირიქით". - ნათქვამია ავიახაზების განცხადებაში.


ისრაელის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ირანმა მათი მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო. ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები