არჩევნები 2024

ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს პირადობის მოწმობებს სთხოვენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრის, ანა კობახიძის თქმით, სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს, ან ასლებს სთხოვენ და მათ პირად მონაცემებს იწერენ. 

"სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელები და გამგეობებში შექმნილი არაფორმალური ჯგუფები თანამშრომლებს თავიანთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ან ასლებს სთხოვენ - მათ პირად მონაცემებს იწერენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ საკითხის შესწავლა დავიწყეთ და დეტალურად ვმუშაობთ. 

მინდა, თითოეული საჯარო მოხელე და მათი უშუალო ხელმძღვანელი გავაფრთხილო, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით, იმ პირადი სახის ინფორმაციის გადაცემა, რომელიც ამომრჩეველთა ერთიან სიაშია შეტანილი. ვგულისხმობ: სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს. პირისთვის ასეთი ინფორმაციის მოთხოვნა საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ ამ მონაცემების გამოყენებით, კონკრეტული ადამიანი არჩევნებში მანიპულირებას ცდილობს. ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია დოკუმენტის ჩამორთმევა, რის შემდეგაც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ექნება". - თქვა კობახიძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ანა კობახიძე ცესკოს სთხოვს, მკაცრი საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა სხვა პირს მისი პირადი ინფორმაცია არასდროს გაუზიაროს. 

 

კომენტარები