საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარინ ლე პენს ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება ბრალი. პარიზის კრიმინალური სასამართლოს წინაშე, სხვა 26 ბრალდებულთან ერთად, ლე პენი დღეს, 30 სექტემბერს წარდგება.
როგორც გამოცემა Politico წერს, დანაშაულებრივ სქემაში ლე პენის პარტიასთან დაკავშირებული ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები და მათ მიერ აყვანილი თანაშემწეები 2004-2016 წლებში მონაწილეობდნენ.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები პარლამენტში ევროკავშირის საკითხებში თანაშემწეებს ასაქმებდნენ, რომლებისთვისაც EU-ს კანონმდებლობის შესაბამისად, ევროპარლამენტი შრომის ანაზღაურებას გასცემდა. თუმცა, აღნიშნული "თანაშემწეები" ფარულად პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც პირდაპირ სარგებლობდა ლე პენის ეროვნული ერთობა.
ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე, მსგავსი თანაშემწეები ევროპელ კანონმდებლებს მხოლოდ ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში უნდა დაეხმარონ. სხვა სახის, მათ შორის, პარტიული საქმიანობა EU-ს ფონდებიდან თანხების მითვისებისა და არამიზნობრივად ხარჯვის ტოლფასია, რაც კანონსაწინააღმდეგოა.
თავად ლე პენს, როგორც პარტიის ლიდერსა და ევროკავშირის კანონმდებელს, ბრალი ედება ფიქციური თანაშემწეების აყვანაში.
ლე პენის პარტიის ხელმძღვანელი, ჟორდან ბარდელა, რომელიც ევროპარლამენტარია და თანაშემწის როლშიც უმუშავია, საქმის მონაწილე არ არის.
სასამართლოს მიერ ლე პენისა და სხვა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა და საჯარო საქმიანობის 5 წლით აკრძალვა ემუქრებათ.
საქმის განხილვა 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.
პარტიის წინააღმდეგ სხვა საქმეცაა აღძრული, რომელშიც პარიზის პროკურატურა RN-ს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის არაკანონიერი გზით დაფინანსებას ედავება.
ცნობისთვის, ლე პენმა ემანუელ მაკრონთან საპრეზიდენტო არჩევნები ორჯერ, 2017 და 2022 წლებში წააგო.
6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d'Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. პირველი ტურის პირველ ადგილზე მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა გავიდა.
თუმცა, არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნული ერთობა მოულოდნელი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა.





