საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2024

საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია მესამე ადგილზე გავიდა – IPSOS-ის ეგზიტპოლი

REUTERS/Christian Hartmann

IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნული ერთობა მოულოდნელი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა.

ამავე მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა გაერთიანებამ მეორე ადგილი დაიკავა.

წინასწარი შედეგებით, ახალი სახალხო ფრონტი, რომელიც ხუთი პარტიისგან შედგება, პარლამენტში 172-192 ადგილს მოიპოვებს. ამავე მონაცემებით, მაკრონის კოალიცია სავარაუდოდ 150-170 ადგილს აიღებს, ხოლო ლე პენის ეროვნული ერთობა ახალ პარლამენტში 132-152 ადგილით იქნება წარმოდგენილი. საფრანგეთის პარლამენტში სრული უმრავლესობისთვის 289 ადგილია საჭირო.

ადგილობრივი დროით 17:00 საათის მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 59.71% გამოვიდა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, ეს რიცხვი მცირედით აღემატება პირველი ტურის მაჩვენებელს, როდესაც არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 59.39% იყო.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი ხმების 28,0%-ით გავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 20.0% მოიპოვა. მეოთხე ადგილზე კი მემარჯვენე რესპუბლიკელები გავიდნენ, ხმების 6.6%-ით.


6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d'Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები