შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციას მესამე H 145 ტიპის ვერტმფრენი შეემატა. უწყების ცნობით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
"თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. H145 ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით" - წერია შსს-ს განცხადებაში.
პირველი H 145 ვერტმფრენი საქართველოს მარტში გადმოეცა, მეორე ვერტმფრენი შსს-მ მაისში მიიღო, ხოლო მესამე ბორტის გადმოცემა ივნისამდე იყო დაგეგმილი.





