ქართული ოცნება

საძაგლიშვილი: თსუ-მ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება არ ისურვა, ისე რომ არაფერი უთქვამთ

ტაბულა

იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მასთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს, თუმცა ამის შესახებ არავის უცნობებია.

"მრავალი წელია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. დღეს შემთხვევით გავარკვიე რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის შეტანილი, ანუ ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ საერთოდ. გახსოვთ ალბათ, რუსული კანონის მიღების გამო სტუდენტების გაფიცვისას, კობახიძის (თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე) მუქარა, თსუ-ს აკადემიურ პერსონალში წმენდაა ჩასატარებელიო, ჰოდა დაუწყიათ მუქარის ასრულება.

გულწრფელად რომ ვთქვა ძალიან დამწყდა გული, რადგან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბევრთან დავმეგობრდი კიდეც. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა გაზაფხულზე, ორი კვირის განმავლობაში სტუდენტების ერთსულოვანმა პროტესტმა (გაფიცვა). ძალიან გონიერი და ღირსეული ახალგაზრდები გვყავს, ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სწორად შეაფასეს მმართველი რეჟიმის მოღალატეობრივი ქმედებები და დარწმუნებული ვარ სათანადო დასკვნაც გააკეთეს - 26 ოქტომბერს რუსული რეჟიმი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას. ნამდვილად ვიმსახურებთ ქართველები ევროკავშირში ბედნიერ მომავალს და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება." - წერს საძაგლიშვილი Facebook-ზე.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თსუ-ში პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეული, ახასიათებთ მიკერძოებულობა და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია. 

"ეს ეხება ძალიან დიდ ნაწილს პროფესურის, შესაბამისად, არის ჩაკეტილი წრე, სისტემა არის მთლიანად მოშლილი. ამის გამო არც სახელმძღვანელოები ვითარდება, არც მეცნიერება, ეს ყველაფერი საჭიროებს თვისობრივ გარდაქმნას“. - ამბობდა კობახიძე.

კომენტარები