ქართული ოცნება

კობახიძე: საჭიროა ახალი განათლების სისტემა - ამასაც გამჭვირვალობის მსგავსი რეაქცია მოყვება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმებს ჰპირდება - კობახიძის თქმით, ეს ერთ-ერთი მთავარი რეფორმა იქნება წინასაარჩევნოდ, რომელიც შეეხება როგორც ზოგად, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებებსაც.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ [გარე დავალებით] განათლების სისტემის სახით ჩამოაყალიბა მყარი სისტემა, რომლის მარტივად გადალაგებაც მისი ხელისუფლების პირობებში არ იყო შესაძლებელი.

"საბოლოო ჯამში ერთ-ერთი სისტემა რაც მოირგეს საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა (ესეც გარე დავალება იყო), იყო განათლების სისტემა - ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და ა.შ. - ანუ, ხელოვნურად ანგრევდნენ ამ სისტემას და საბოლოო ჯამში, რაღაც მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგებაც არ იყო შესაძლებელი". - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მძიმე სურათი აღინიშნება უმაღლესი განათლების სისტემაშიც - მისი შეფასებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეული, ახასიათებთ მიკერძოებულობა და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია.  

"კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს უმაღლესი განათლების სისტემებში. რომ ავიღოთ თსუ, სადაც მეც ვასწავლი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი.

ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული - ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება [გასაგებია, ვის მხარეს] და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია - შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია  გაქვს და თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თსუ-ში.

ეს ეხება ძალიან დიდ ნაწილს პროფესურის, შესაბამისად, არის ჩაკეტილი წრე, სისტემა არის მთლიანად მოშლილი. ამის გამო არც სახელმძღვანელოები ვითარდება, არც მეცნიერება, ეს ყველაფერი საჭიროვებს თვისობრივ გარდაქმნას“. - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების განათლების მინისტრები საგანმანათლებლო სისტემის მიზანმიმართულ ნგრევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის" ნაწილი იყო.

კობახიძის თქმით, სამომავლო საგანმანათლებლო რეფორმებს, შესაძლოა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მასშტაბის რეაქცია მოჰყვეს.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფსევდოლიბერალიზმის მთავარი ხაზი რა არის? "არ აძლევ სათანადო ცოდნას, ართმევ ღირებულებებს" ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც აძლევ სათანადო ცოდნას და ასევე, ათვიცნობიერებ ღირებულებებში სტუდენტს და ახალგაზრდას - ეს არის მთავარი ამოცანა.

არ ვიცი მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება წინააღმდეგობა ამ საკითხთან, რაც ვიხილეთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით - რატომ? იმიტომ, რომ ამაზე დგას ის იდეოლოგია, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში". - თქვა ირაკლი კობახიძემ, პირველი არხის ეთერში.

კომენტარები