დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ჰეზბოლა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ლიბანი 30 000-მეტმა ადამიანმა დატოვა

ისრაელის საჰაერო იერიში სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე, 23 სექტემბერი, 2024
Aziz Taher/Reuters

გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელსა და ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციას შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ბოლო 72 საათში ლიბანიდან სირიასთან საზღვარი 30 000-ზე მეტმა ადამიანმა, ძირითადად სირიელებმა, გადაკვეთა.

სირიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა (UNHCR), გონსალო ვარგას ლოსამ განაცხადა, რომ ლიბანიდან საზღვრის გადამკვეთთა დაახლოებით 80% სირიელი იყო, ხოლო 20% - ლიბანელი. ამას გარდა, წარმომადგენლის თქმით, მათგან დაახლოებით ნახევარი ბავშვები და მოზარდები არიან, და საზღვარს ასევე უფრო მეტი ქალი კვეთს, ვიდრე - მამაკაცი.

"ისინი ომში მყოფი ქვეყნიდან საზღვარს კვეთენ და ჩადიან [ქვეყანაში], სადაც 13 წელია, კრიზისული კონფლიქტია. მოგვიწევს, მომდევნო დღეებში დავაკვირდეთ, კიდევ რამდენი მოიქცევა ასე". - თქვა მან.

19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო.

IDF-ის ცნობით, ბოლო დღეებში ისრაელმა ჰეზბოლას 1 600-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისინი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ ააშენა.

25 სექტემბერს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა მოკავშირეებმა ჰეზბოლასა და ისრაელს ლიბანი-ისრაელის საზღვართან მყისიერად 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს. თუმცა, მოგვიანებით ისრაელმა ჰეზბოლასთან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების წინადადება უარყო.

კომენტარები