ჩინეთი

WSJ: გაზაფხულზე ჩინეთის უახლესი ბირთვული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩინეთის უახლესი ბირთვული ენერგიით მომუშავე საესკადრო წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რაც ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული იარაღის პროგრამისთვის სერიოზული დარტყმაა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის ხელისუფლება ნავის ჩაძირვის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა და ამ დრომდე არ გამჟღავნებულა. WSJ-ის ცნობით, შემთხვევა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ქალაქ ვუჰანთან ახლოს, გემთმშენებელ ქარხანაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავი ბოლოს მაისის ბოლოს მდინარე იანძიში ნახეს, სადაც მას ზღვაში გასვლამდე შემოწმებას უტარებდნენ. ივნისის დასაწყისში კი ჩაძირვის ადგილზე ამწეები მიიყვანეს, რათა ნავი ფსკერიდან ამოეტანათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა წყალქვეშა ნავი ჩაძირვის მომენტში ბირთვული საწვავით აღჭურვილი, თუმცა, ექსპერტების შეფასებით ეს სავარაუდოა.

გარდა ამისა, წყაროების თქმით, აშშ-ს არ აღმოუჩენია რაიმე მინიშნება იმის შესახებ, რომ ჩინეთმა წყლის ან ახლომდებარე გარემოს რადიაციის დონის განსასაზღვრად კვლევა ჩაუტარა. ამასთან, შესაძლებელია, რომ ნავის ჩაძირვასთან ერთად დაიღუპა ან დაშავდა პერსონალი, თუმცა, აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, მათ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები