აშშ-საქართველო

შესაძლებელია, ბაიდენს ეს არც სცოდნოდა - მაჭარაშვილი კობახიძისთვის მოწვევის გაუქმებაზე

ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მოწვევის გაუქმებას გამოეხმაურა. მაჭარაშვილის თქმით, შესაძლებელია, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ამ შეხვედრის შესახებ საერთოდ არ სცოდნოდა.

"სადმე გაგონილა, რომ სტუმრის მიღება გინდოდეს, დაპატიჟო და მერე კარი დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? [...] შესაძლებელია, ჯო ბაიდენს ეს არც სცოდნოდა - არც ამ შეხვედრის დანიშვნა და არც მისი გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ". - თქვა მაჭარაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მოწვევა გაუუქმეს. "მე როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა" - თქვა პაპუაშვილმა.

ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა. 

 

კომენტარები