აშშ-საქართველო

ამერიკის ხმა: ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმა

კადრი ვიდეოდან/იმედი

ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.

გამოცემის ცნობით, მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად ირაკლი კობახიძეც ეწერა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული მიწვევა მას გაუუქმდა. ამის შესახებ ამერიკის ხმას ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და კონგრესის კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა.

ამასთანავე, ამერიკის ხმის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციაში უარი თქვეს საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე, ხოლო კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმაც.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს".

ამერიკის ხმის მიხედვით, მიწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, და მმართველი ძალის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა.

კომენტარები