არჩევნები 2024

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა

გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის სახელით პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა - ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

17 სექტემბერს გახარიამ პრეზიდეტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქართულ ქარტიას მხარს უჭერდა. 

"ჩვენ ქარტიის დიდ ნაწილს მხარს ვუჭერთ, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მხარს ვუჭერთ ქარტიის დღის წესრიგს. ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დასჭირდა, ქარტიასაც მოვაწერთ ხელს" - თქვა გახარიამ. 

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

"გადავწყვიტე, თქვენს წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობასა და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები