პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა, რომელსაც სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტთან საუბრისას შანიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შეწყალებას ახლა არ ელოდა და გახარებულია.
"მოულოდნელი იყო, არ ველოდი ახლა გამოსვლას და მიხარია, თავისუფლება მიხარია. [...] ასე ძალიან მალე არ ველოდი, ანუ, ვიცოდი, მაგრამ ძალიან მოულოდნელი იყო ახლა". - თქვა შანიძემ.
შანიძემ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალისა და განაჩენის შესახებ თქვა, რომ ჩადენილ დანაშაულს არ უარყოფს, მაგრამ განაჩენს შეუსაბამოდ მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ შეწყალების მიზეზიც ეს გახდა.
"მე განა დანაშაულს უარვყოფ, რაც ჩავიდინე, უბრალოდ ის სასჯელი, რაც მომისაჯეს, არ იყო შესაბამისი და, ალბათ, ვფიქრობ, მაგიტომაც შემიწყალეს". - თქვა შანიძემ ჟურნალისტთან საუბრისას.
მანამდე, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტმა ერთი პირი შეიწყალა.
"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან". - წერია რელიზში.
16 სექტემბერს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებულ გიორგი შანიძის დასკვნითი სასამართლო გაიმართა, სადაც მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შანიძე მიმდინარე წლის 8 მაისს დააკავეს. მას სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ედავებოდა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





