თბილისი პრაიდი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმიანება.
"ტკივილმა და მწუხარებამ მთელი გუნდი დაგვამუნჯა. ჩვენთვის უმძიმესია ის საზარელი ფაქტი, რომ ფაშისტური კანონის მიღების მეორე დღეს კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს.
თავზარდამცემია, რომ კესარიას მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები როგორც ტრანსფობიას, ასევე ფემიციდს უკავშირდება. შემაძრწუნებელია გარემო, სადაც პოლიტიკურად ნაწარმოებ სისტემურ სიძულვილს ადამიანის ერთადერთი, უნიკალური, უძვირფასესი სიცოცხლე ეწირება.
კესარია ჩვენი თანამოქალაქე და ჩვენი დიდი ოჯახის - ქვიარ თემის - წევრი იყო. ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, თავისი ოცნებებითა და შიშებით, სიხარულითა და ტკივილით. კესარიასთან გვაერთიანებდა უმთავრესი - თავისუფლების სიყვარული და სიცოცხლის წყურვილი. რომ არა სიძულვილი, რომელიც სახელმწიფომ ჯერ წაახალისა, შემდეგ კი დააკანონა, კესარიას კიდევ დიდხანს უნდა ეცხოვრა. მადლობას ვუხდით ამ გასაოცარ ქალს, რომ თავისი შეუპოვრობითა და არდანებების მაგალითით მრავალი ჩაგრულისთვის გაუკვალავს გადარჩენისა და განვითარების გზა.
დღეს საქართველოში ჩვენი თემის ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, იმის შიშში არსებობაა, ვისი გამოგლოვა მოგვიწევს შემდეგ, ან თავად ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდეგი. სისტემურად ნაწარმოები სიძულვილი არსად მიდის და საბოლოოდ ყოველთვის ძალადობაში ითარგმნება, ჩვენს სხეულებზე ტოვებს კვალს. სახელმწიფოსა და მოძალადეების ჰარმონიულ თანამშრომლობას მივყავართ ასეთ სავალალო შედეგებამდე. ამის თანაშემოქმედი და წამხალისებელი რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას.
მოვითხოვთ სათანადო ზომების მიღებას სახალხო დამცველის, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების პროცესში ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ეფექტური გამოძიებისთვისა და მომავალში მსგავსი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღკვეთისათვის.
კესარიას ნათელი ხსოვნის პატივსაცემად და სხვა ქვიარ ადამიანების გადასარჩენად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის ადამიანი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავიცავთ. ყველას, ვისაც აქვს რაიმე ბერკეტი, ჩაებას სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ რეაგირებას.
რადგან კესარია ფაშისტურმა პოლიტიკამ შეიწირა, ჩვენ სოლიდარობის პოლიტიკას უნდა დავუჭიროთ მხარი.
ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში აღარასოდეს, არც ერთმა ხელისუფლებამ აღარ გაბედოს ადამიანების სიცოცხლით თამაში". - წერია განცხადებაში.
კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





