იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს 2 მოსამართლე წევრი და მდივანი აირჩია – მურუსიძე

სანქცირებული მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით 24 მარტს გამართულ მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე საბჭოს 2 წევრი და მდივანი აირჩიეს.

მურუსიძის თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე იქნებიან, მდივანი კი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.

"ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები". - თქვა მურუსიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია დღეს, 24 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა. გარდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოზიციებზე კანდიდატების შერჩევისა, კონფერენციამ მოსამართლეთა შემოწმების შესახებ უზენაესი სასამართლოს განცხადებაც განიხილა და მას ერთხმად დაუჭირა მხარი.

"იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. "ვეტინგი" ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას". - წერია კონფერენციის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები