აფხაზეთი

რუსეთის საზღვაო ძალებთან შეთანხმების გაუქმების ცნობა ჰაკერების ნახელავია - ბჟანიას რეჟიმი

Befunky

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ოფიციალურ საიტზე მიმართვა გამოქვეყნდა, რომელშიც მარიონეტული რეჟიმის პირველი პირი ამბობდა, რომ ოჩამჩირეში რუსული ბაზა არ აშენდება, ხოლო აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავების იმედი აქვს.

მოგვიანებით სიახლე საიტიდან გაქრა და დაიწერა, რომ ე.წ. პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული სიახლე ჰაკერებმა განათავსეს.

სავარაუდოდ ჰაკერებმა შემდეგი მიმართვა გამოაქვეყნეს:

"აფხაზეთს დიდი ხანია სჭირდება მოკავშირე, ისეთი, რომელთანაც შეთანხმებები არ ირღვევა და არ იცვლება დღიდან დღემდე. ეს არის ნაბიჯი სტაბილურებისკენ. დღეიდან თურქეთ ხდება ჩვენი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგებს იმათი ცარიელი დაპირებები, ვინც 100 წლის განმავლობაში აფხაზ ხალხს ასულელებს. ჩვენს ბავშვებს, მოხუცებს, მასწავლებლებს ხვალინდელი დღის იმედი სჭირდებათ". 

ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე დაიწერა, რომ "საიტზე კიბერშეტევა მოხდა, გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს".

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა.

გარდა ამისა, მედიაში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო-საზღვაო რუსული ბაზა შენდება. ინფორმაცია არ დაადასტურა დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.

კომენტარები